CONSUL

უკან დაბრუნება

თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესება

Tamta Tamta  •  2021-01-29  •    1 კომენტარი
მოქალაქეთა ჩართულობა
მოქალაქეთა ჩართულობა


ინიციატივის კოდი: CONSUL-2021-01-4

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება ელექტრონული მექანიზმებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებითა.

წარმომადგენლობითი დემოკრატია დღესდღეობით ევროპაში აღიარებული მართვის მოდელია, სადაც ხალხის ინტერესებს მათივე არჩეული პირები წარმოადგენენ. ხალხის ნება, შესაძლოა, ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების დახმარებით გაცხადდეს. ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა ამ ეტაპზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია და თვითმმართველობის რეფორმის პროცესში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

 საზოგადოებრივი ჩართულობის მნიშვნელობა ასევე ხაზგასმულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“ პრეამბულაში, რომლის რატიფიკაციაც საქართველომ 2004 წლის დეკემბერში მოახდინა. ქარტიაში ნათქვამია, რომ „მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საქმეების წარმართვაში, ერთ-ერთი დემოკრატიული პრინციპია, რომელიც ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოსათვის საერთოა“.

მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვალდებულებებიც, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს და პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეთა მზარდ ჩართულობას გულისხმობს, რაც, თავის მხრივ, დემოკრატიის გარანტია::

  • ინფორმირება – ცალმხრივი ურთიერთობა, როდესაც ხელისუფლება აცნობს ინფორმაციას საზოგადოებას. ეს შეიძლება იყოს პასიური: როდესაც მოქალაქე მოთხოვნის შემდეგ იღებს ინფორმაციას; ან აქტიური: როდესაც ხელისუფლების ორგანოები თავად ავრცელებენ ინფორმაციას (მაგ. პროაქტიული გამოქვეყნება).
  • კონსულტაციები - ორმხრივი ურთიერთობა, როდესაც მოქალაქეები ხელისუფლების საქმიანობას წინასწარ ან შემდგომ აფასებენ.
  • აქტიური მონაწილეობა - მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაზე დაფუძნებული პარტნიორობა, როდესაც მოქალაქეები აქტიურ როლს თამაშობენ და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალოდ მონაწილეობენ. მართალია, საბოლოო გადაწყვეტილებას ხელისუფლების ორგანოები იღებენ, მაგრამ მოქალაქეები სახელმწიფო ან ადგილობრივ ინსტიტუტებს თავიანთ მოსაზრებებს დიალოგის საშუალებით აწვდიან, სთავაზობენ სხვადასხვა მიმართულებას და ალტერნატივას.

ბოლო დროს აქტუალურია თვითმმართველობების მიერ მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება. საკითხს განსაკუთრებული სიმწვავე შესძინა ახალმა კორონავირუსმა (COVID-19), რომელმაც დღის წესრიგში მსგავსი მექანიზმების აუცილებლობა დააყენა.

ელექტრონული მმართველობის დანერგვა საშუალებას მისცემს თბილისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენონ ცენტრალური ხელისუფლების მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაცია. შედეგად, გაიზრდება მომსახურების ხარისხი. ელექტრონული მმართველობის დანერგვით გაუმჯობესდება გაწეული სერვისის კონტროლი და მომსახურების ვადები შემცირდება. თბილისის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება მდგრადი განვითარების გზით გახდება უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული მოქალაქეთა მიმართ; ამაღლდება მმართველობისა და მომსახურების ხარისხი მოქალაქეების სასარგებლოდ; თბილისი გახდება იმ პლატფორმის ნაწილი, რომელიც აერთიანებს სხვა ადგილობრივ ხელისუფლებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, სამეცნიერო საზოგადოებასა და პირებს, რომლებიც მიზნად ისახავენ, მმართველობის კულტურა შეცვალონ და გააუმჯობესონ.

მოქალაქეთა ხედვის დოკუმენტი თბილისის მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა ნების დოკუმენტური დადასტურებაა, რომელიც გამყარებულია სამუშაო ჯგუფის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დამუშავებით, სოციოლოგიური კვლევებიდან მიღებული შედეგებით, საერთაშორისო ვალდებულებების ანალიზით, ეფექტიანობის ანალიზითა და შეფასებით.

DRIVE Democracy-ის თბილისის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შესაბამის უწყებებს: 

  • იმისათვის, რომ საზოგადოებამ მეტი იცოდეს თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ, საჭიროა, მერიამ და ადგილობრივმა თვითმმართველმა ორგანოებმა აწარმოონ საინფორმაციო კამპანია და მოხდეს ამ სერვისების პოპულარიზაცია. ეს სხვადასხვა არხებით შეიძლება: სატელევიზიო რეკლამით, სოციალურ ქსელებში საკითხის აქტიურად გაშუქებით და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულ საიტებზე ინფორმაციის გავრცელებით. შესაძლებელია მომზადდეს ბროშურები, სადაც აღნიშნული თემის შესახებ განთავსდება ინფორმაცია.
  • მოტივაციის არქონა და მუნიციპალიტეტის მიმართ უნდობლობა საკმაოდ მწვავე პრობლემაა და რაციონალური გადაწყვეტა სჭირდება. აუცილებელია, მერია და გამგეობები აქტიურად დაინტერესდნენ ამ საკითხით. მოსახლეობის მოტივაციის ასამაღლებლად ადგილობრივმა თვითმმართველმა ორგანოებმა უნდა დაიწყონ მცირე გრანტების პროექტების განხორციელება ან მონაწილეობითი ბიუჯეტის მეთოდს მიმართონ, რაც გულისხმობს პრიორიტეტული სფეროს შერჩევას და მისი განვითარებისთვის კონკრეტული თანხის გამოყოფას; კონკურსის ჩატარებას, შერჩეული კანდიდატების იდეების საჯარო განხილვას და ონლაინ ხმის მიცემის პროცესით გამარჯვებულის გამოვლენას.
  • მუნიციპალიტეტის მიმართ ნდობის გასაძლიერებლად საჭიროა, მერიამ გაზარდოს მოქალაქის მიმართ ანგარიშვალდებულება, დანერგოს მოქალაქესთან სწრაფი და ეფექტური რეაგირების საშუალებები, შექმნას მოქნილი აპლიკაციები, სადაც თბილისელებს საშუალება ექნებათ, საკუთარი პრობლემის შესახებ განაცხადონ და განსაზღვრულ ვადებში მიიღონ კომპეტენტური ინფორმაცია. ამისათვის აუცილებელია, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლებსაც ჰქონდეთ დროული უკუკავშირის მოტივაცია.
  • კომუნიკაციის პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია მოქალაქეზე მორგებული მობილური საკომუნიკაციო არხების შექმნა, სადაც თბილისის მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, ინფორმაცია მიაწოდონ მუნიციპალიტეტებს და მათგანაც მიიღონ სათანადო რეაგირება. ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და მოქნილი უნდა იყოს. შესაძლებელია ისეთი საჯარო პლატფორმის შექმნა, სადაც ღიად გამოჩნდება მუნიციპალიტეტში შეტანილი დოკუმენტის მოძრაობა. საჭიროა, დაიხვეწოს ჩართულობის არსებული მექანიზმები - „პეტიცია მერს“ და MSDA, რომლებიც გამართულად არ მუშაობს, ან ვერიფიკაციის ისეთი საშუალებები სჭირდება, რაზეც ხელი ყველა მოქალაქეს არ მიუწვდება. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა გერმანიის ბუნდესტაგის პეტიციების კომიტეტის მუშაობა და ონლაინ პეტიციების პლატფორმა.

სრულად, იხილეთ რეგიონული განვითარების გზამკვლევი: 

დოკუმენტები (1)


კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
ამ ინიციატივისთვის შეტყობინებები არ მოიძებნა.
ეტაპები განსაზღვრული არ არის