ინიციატივის კოდი: CONSUL-2020-11-3
შეზღუდული შესაძლებლობებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცის შექმნით მათი ცხოვრების ღირსეული პირობების მხარდაჭერა.
საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2013 წელს მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) უფლებების კონვენციის (UNCPRD) რატიფიცირება, თუმცა მათ უფლებრივ მდგომარეობაზე ამან არსებითად ვერ იმოქმედა.
შშმ პირები ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფია საქართველოში, რომელიც საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს სათანადო ყურადღების მიღმა რჩება. ხშირია მათი მხრიდან ამ ადამიანების დისკრიმინაციაც. შშმ პირები ყოველდღიურად უამრავ პრობლემას აწყდებიან, რაც მხოლოდ ტრანსპორტით, სხვადასხვა სახის თავშეყრის ადგილით და ა.შ. არ შემოიფარგლება. არსებული სტიგმები და სტერეოტიპები ხელს უშლის მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას. სახელმწიფოს არაერთგზის განცხადების მიუხედავად, რომლის თანახმადაც, ის თავადაა პასუხისმგებელი შშმ პირთა მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა.
შშმ პირებს სწავლის პროცესში განათლების უფლება ბოლომდე არა აქვთ რეალიზებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების საფეხური. პროფესიული სასწავლებლების განვითარება და ადაპტირებული გარემო ხელს შეუწყობს შშმ და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და ცხოვრების ღირსეულ პირობებს შეუქმნის მათ. პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ინკლუზიური პროფესიული განათლება თანაბრად ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პროცესია, რომელიც ყველა სტუდენტისა და მსმენელისთვის უზრუნველყოფს სასწავლო პროცესს მათი ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით. პროფესიული სასწავლებლების განვითარება ქვეყნისათვის პრიორიტეტულია. ის ერთ-ერთია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათაგან. პროფესიული განათლება უმოკლესი გზაა დასაქმებისკენ, რადგან ზრდის კურსდამთავრებულთა შრომისუნარიანობას და შესაბამის კვალიფიკაციას ანიჭებს მათ. ნაკისრ ვალდებულებათა და გატარებულ ღონისძიებათა მიუხედავად, ინკლუზიური პროფესიული განათლების მეტი ეფექტიანობისთვის კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ამ კუთხით, სახელმწიფოს წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევებია, რასაც სახელმწიფო უწყებათა და მოწყვლადი ჯგუფების შეთანხმებული ჩართულობა სჭირდება. პრობლემაა პროფესიული სასწავლებლების ადაპტაციაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებთან, რასაც ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები ითვალისწინებს და გარკვეულწილად, შესაძლებლობათა გათანაბრებასაც ემსახურება.
დღის წესრიგშია ინკლუზიური პროფესიული განათლების სათანადოდ ცნობა, ინკლუზიური განათლების ობიექტზე ორიენტაცია და ადაპტირება; ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ათვისება და პოტენციური დამსაქმებლების მხრიდან მათი კომპეტენციის აღიარება.
პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებელი მხარეებია: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
შშმ და სსსმ პირები სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დაცვისა და განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტები არიან, რაც ხშირად მათ მიმართ არსებულ სტიგმათა ძირითადი მიზეზია. სახელმწიფო არ ასრულებს თავის ვალდებულებას- უზრუნველყოს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი და დაეხმაროს ამ ჯგუფებს დასაქმებაში, რაც იწვევს საზოგადოებისგან მათ გარიყვას. საბოლოოდ, ისინი არ არიან ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების პროცესის აქტიური მონაწილეები და მუდმივად სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებულ ფენად რჩებიან.
DRIVE Democracy-ის თბილისის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შესაბამის უწყებებს:
სრულად, იხილეთ რეგიონული განვითარების გზამკვლევი.